ᲓᲐᲡᲐᲬᲧᲘᲡᲘ ᲛᲗᲐᲕᲐᲠᲘ ᲗᲔᲛᲔᲑᲘ ᲗᲐᲛᲐᲨᲘᲡ ᲛᲘᲖᲐᲜᲘ % ᲛᲝᲙᲚᲔ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲪᲜᲝᲑᲐᲠᲘ
პროექტის შესახებ

პროექტის ავტორები

გაბრიელ დელა პეპა + ანდრეა ელენა ფებრეს მედინა + კატერინა გიო + ფრანჩესკა გრანზოტო + პაოლა რონდი + ელენა სტეფანი
@Density Design, Final Synthesis Design Studio, იანვარი 2020

დასაწყისი

როგორ ვრცელდება ვიზუალური მისინფორმაცია და დეზინფორმაცია?

21-ე საუკუნეში უამრავი პროგრამა არსებობს ფოტოების დასამუშავებლად. ვეღარავინ იტყვის, დრო, ხარჯი ან უნარები მაბრკოლებსო: დამაჯერებელი ყალბი სურათების მარტივად შექმნა დღეს უკვე ყველას შეუძლია.
გარდა ამისა, სოციალურ მედიასა და გაზეთებში ინფორმაციისთვის გამოსახულებების დართვა იმდენად მნიშვნელოვანია, რამდენადაც თვითონ ტექსტი.
ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო ვიზუალური მის- და დეზინფორმაცია ონლაინ სივრცეებსა და სოციალურ ქსელებში გაცილებით უფრო სწრაფად ვრცელდება. სხვადასხვა სახის მანიპულაციურ მასალას ძირითადად იმისთვის ქმნიან ხოლმე, რომ ხალხი შეცდომაში შეიყვანონ და მოსაზრებები ისე შეუცვალონ, როგორც გარკვეული პირებისთვისაა ხელსაყრელი. ამის ერთ-ერთი მაგალითია ტრამპის ცნობილი გამოსვლა, რომლითაც ქარიშხალ დორიანს გამოეხმაურა:



ოთხშაბათს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა წარმოადგინა რუკა, რომელიც, ერთი შეხედვით, ადასტურებდა, რომ მისი პროგნოზი ქარიშხალი დორიანის ტრაექტორიის შესახებ სიმართლე იყო და სტიქიამ ნამდვილად მიაღწია ალაბამას შტატს - არადა, მეტეოროლოგების ოფიციალური განცხადების მიხედვით, ტრამპი მართლაც შეცდა. [...] როგორც აღმოჩნდა, ტრამპს ქარიშხლების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ რუკაზე დამატებული ჰქონდა კიდევ ერთი ნახევარწრე, რომელიც ალაბამაზე გადიოდა და პროვოკაციულად შეცვლილ რუკას ახლა სიმართლედ ასაღებდა. […] ამინდის ოფიციალური ეროვნული ცენტრების განცხადებების საპირისპირო, მცდარი პროგნოზების გავრცელება ფედერალურ კანონს ეწინააღმდეგება.

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ვაშინგტონის თეთრი სახლი, 4 სექტ. 2019. @Jonathan Ernst/Reuters.

სრულ სტატიას აქ გაეცნობი.


ფოტომანიპულაციებს ადამიანების აზრებისა და მეხსიერების შეცვლაც კი შეუძლია. ფაქტების გადამმოწმებლები? ბევრს მუშაობენ დეზინფორმაციული მასალის გადამოწმებასა და შესწორებაზე, მაგრამ მცდარი ფაქტები მაინც უფრო სწრაფად ვრცელდება და შედეგად, ადამიანებიც ამ უკანასკნელს იმახსოვრებენ.

გაყალბებული გამოსახულებები

ყველა ფოტომანიპულაცია ერთი და იმავე მიზნით არ იქმნება, თუმცა შედეგები მაინც ყველას ერთი აქვს. ძირითად პრობლემად ფოტოშოპს ასახელებენ ხოლმე, თუმცა არსებობს მანიპულაციის შედარებით ნაკლებად შესამჩნევი ფორმებიც.

მისინფორმაცია მცდარი ფაქტების გაუაზრებლად გავრცელებაა; ხოლო დეზინფორმაცია ისეთი ტიპის მასალას მოიაზრებს, როგორიც გამიზნულად, ადამიანების შეცდომაში შესაყვანად იქმნება. ტერმინი „ყალბი“ ამ გამოწვევის კომპლექსურობის აღსაწერად არაა საკმარისი. იმის გასააზრებლად, თუ რას მოიაზრებს მის- და დეზინფორმაცია, საჭიროა, შემდეგი რამდენიმე ტიპის ინფორმაცია ერთმანეთისგან გავმიჯნოთ:

არასწორად დასათაურებული სურათები — ნამდვილი სურათები, რომლებსაც მცდარი წარწერები ერთვის.

დაფოტოშოპებული სურათები — გამოსახულების ძირითადი ნაწილი ნამდვილია, მაგრამ ზოგიერთი დეტალი ისეა დამატებული ან, პირიქით, წაშლილი, რომ მნიშვნელობას სულ უცვლის სურათს.

მოჭრილი სურათები — სურათები, რომლებიც ისე ჩამოჭრეს, რომ მნიშვნელობა ან კონტექსტი შეეცვალათ.

მთავარი თემები

როგორ აღვიქვამთ ონლაინ ვიზუალურ ინფორმაციას?


დავიჯერებთ თუ არა ინფორმაციას, რომელსაც ონლაინ ვეცნობით, დამოკიდებულია ჩვენს ზოგად მოსაზრებებზე. იმისათვის, რომ დრო და ენერგია დავზოგოთ, ფაქტებს სოციალური ფაქტორების მიხედვით ვფილტრავთ: რეპუტაცია, მოლოდინები, გაზიარებებისა და რეაქციების რაოდენობა ერთგვარი მინიშნებებია, რომლებითაც ინფორმაციის რელევანტურობას ვაფასებთ.

ავტორი და წყარო ფაქტორებია, რომლებიც გვეხმარება, გადავწყვიტოთ, ღირს თუ არა გარკვეული ინფორმაციის ნდობა. რა თქმა უნდა, მომხმარებლები ახალი ამბების ორგანიზაციებს უფრო ენდობიან, ვიდრე კონკრეტულ ინდივიდებს, რომლებიც სოციალურ მედიაში აზიარებენ მასალას. გარდა ამისა, ინფორმაციის სანდოობაში უფრო დავრწმუნდებით, თუ ჩვენ გარდა კიდევ ბევრი იზიარებს ამ მოსაზრებას.

სოციალური მიუღებლობის შიში და „ვაგონის ეფექტი“ ადამიანს უნებურად აფიქრებინებს, რომ თუ კონკრეტული რამ ბევრს მოსწონს, ესე იგი მასაც უნდა მოეწონოს. შედეგად, დაუდევრად აზიარებს ინფორმაციას

ციფრული მედიაწიგნიერება ნიშნავს უნარს, ეფექტიანად ამოიცნო ონლაინ გავრცელებული ინფორმაციის სხვადასხვა თავისებურება (მაგ., ვინ შექმნა მასალა და ვინ აზიარებს მას), შემდეგ კი ამ ფაქტორების გათვალისწინებით გადაწყვიტო, ღირს თუ არა ამ ინფორმაციის ნდობა. ციფრულად დამუშავებული ფოტოებისა და ვიდეოების შემჩნევა მედიაწიგნიერების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზანია.

აგრეთვე, მნიშვნელოვანია ჩვენი შეხედულებათა სისტემაც სოციოპოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით. ადამიანები მარტივად ენდობიან ისეთი შინაარსის ინფორმაციას, როგორიც მათ მოსაზრებებს შეესაბამება და ადასტურებს.

პროექტის მიზანი

როგორ შევამციროთ გაყალბებული გამოსახულებების პოტენციური ზიანის ხარისხი

ქვიზის მთავარი მიზანია, ხალხს აჩვენოს, თუ რამდენად რთულია ყალბი სურათებისა და მცდარი ინფორმაციის ამოცნობა. გარდა ამისა, ამ პროექტით გაიგებ, რომ ინფორმაციის სანდოობის შეფასებისას თანაბრად უნდა დააკვირდე როგორც შინაარსობრივ, ისე ვიზუალურ მხარეებს. მუდმივად ყურადღებით უნდა იყო, რათა მისინფორმაციისა და დეზინფორმაციის გავლენის ქვეშ შენც არ მოექცე.

ვიზუალური ინფორმაციის გავრცელებაში ინტერნეტის მომხმარებლები დიდ როლს ვასრულებთ. როცა პასიურად ვრეაგირებთ მასალაზე, მაგალითად, გაუაზრებლად ვაზიარებთ ფოტოს ან ვიდეოს, ხელს ვუწყობთ დეზინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებული რისკების გაზრდასაც.

ყველა უნდა ვგრძნობდეთ პასუხისმგებლობას, რომ სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული ინფორმაციის ვალიდურობა გადავამოწმოთ. ეს თამაშიც სწორედ იმას ადასტურებს, რომ მედიაწიგნიერების ხარისხის გაზრდაში დროის ინვესტიცია ყოველთვის ღირს.

ჩვენი მიზნის მისაღწევად მივმართეთ გეიმიფიკაციის ხერხს - შევქმენით თამაში ხალხში ცნობიერების ასამაღლებლად დეზინფორმაციასთან დაკავშირებულ საკითხებში. ამ ქვიზის დახმარებით შეძლებ, რომ აქტიურად შეამოწმო შენი უნარ-ჩვევები და ამავდროულად, მიიღო ინფორმაციაც.

მოკლე საინფორმაციო ცნობარი

რა უნდა ვიცოდეთ ფოტომანიპულაციების შესახებ

მონაცემები

ვიზუალური მის- და დეზინფორმაცია და სოციალური მედია ერთდროულად ვითარდება. დღესდღეობით, ახალი ამბების წყაროდ ახალი ამბების ვებგვერდებს უკვე ბევრი ინტერნეტმომხმარებელი მიმართავს, რის გამოც მისინფორმაციის გავრცელება კიდევ უფრო მარტივდება. დიზაინის შექმნის პირველ ეტაპზე ვეცადეთ, გაგვერკვია, თუ რომელი ონლაინ პლატფორმებია განსაკუთრებით პოპულარული მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში. თუ გსურს, მეტი გაიგო ყველაზე გავლენიანი სოციალური ქსელების შესახებ, ეწვიე ჩვენს ვებგვერდს:

სოციალური ქსელები კულტურული რეგიონების მიხედვით

პოლიტიკა ვიზუალური ინფორმაციის ერთ-ერთი მიმართულებაა, რომელიც ყველაზე ხშირად იზიდავს ტენდენციურ ინტერნეტმომხმარებლებს - ანუ ადამიანებს, რომლებიც ისეთი სახის მასალას იჯერებენ, როგორიც მათ მოსაზრებებს ზუსტად ადასტურებს. ვიზუალური დეზინფორმაცია გლობალური საკითხების შესახებ განსაკუთრებით პოპულარულია. თუ გსურს, მეტი გაიგო ამ გამოწვევის შესახებ, გაეცანი ჩვენს პროექტს:

რომ ნახავ, დაიჯერებ
დაგუგლე და ნახე, თუ შეძლებ, რომ ბოლო ექვსი წლის განმავლობაში გამოაშკარავებული ფოტომანიპულაციების შესახებ ინფორმაცია იპოვო.

ხშირად დასმული შეკითხვები და რჩევები

— ყველაზე მარტივად როგორ შემიძლია ფოტოს წყაროს გადამოწმება?
Reverse Image Search - სურათით მოძებნის ფუნქცია, რომელიც თითქმის ყველა საძიებო სისტემას აქვს, დაგეხმარება, რომ იდენტური სურათები იპოვო და წყაროები გადაამოწმო.


— არსებობს რაიმე საიტი, რომელზეც შევძლებ, ვიზუალური დეზინფორმაციის სხვა მაგალითებს გავეცნო?
დიახ, ამ პროექტის შესაქმნელად ძირითადად ვიყენებდით საიტს Snopes.com - დამოუკიდებელ ონლაინ ფაქტჩეკერ პროექტს.


— სად შემიძლია, მეტი გავიგო ვიზუალური მის- და დეზინფორმაციის შესახებ?
თუ გსურს, ამ საკითხს უფრო დაწვრილებით გაეცნო, შეგიძლია წაიკითხო სტატია “ფეიკ ნიუსის კომპლექსურობა” კლერ უორდლი ("Fake news. It’s complicated" - Claire Wardle), რომლითაც შეიტყობ, თუ რა ტიპის ყალბი ამბები არსებობს, რატომ იქმნება და როგორ ვრცელდება ისინი.


— ვიზუალური მის- და დეზინფორმაციის შესახებ რაიმე კვლევა ჩატარებულა?
დიახ, განსაკუთრებით გვინდა, გამოვყოთ შემდეგი ნაშრომი: “ფოტომანიპულაციები: წყაროსა და ციფრული მედიაწიგნიერების გავლენა ონლაინ კონტენტის ვალიდურობის გარკვევაზე” - ცუეიჰუა შენი, მონა კასრა, უენჯინ პან გრეის ა. ბასეტი, ინინ მალოკი, ჯეიმს ო’ბრაიენი. ("Fake images: The effects of source, intermediary, and digital media literacy on contextual assessment of image credibility online" - Cuihua Shen, Mona Kasra, Wenjing Pan Grace A. Bassett, Yining Malloch, James F O’Brien).


— ამ პროექტში გამოყენებული სურათების წყაროების პოვნა სად შემიძლია?
გადმოწერე ეს მონაცემთა ბაზა, რომელშიც პროექტში გამოყენებული სტატიების სიაა ჩამოწერილი.


პროექტის ავტორი

Della Pepa Gabriele
Febres Medina Andrea
Ghio Caterina
Granzotto Francesca
Rondi Paola
Stefani Elena

ფაკულტეტი

Michele Mauri
Ángeles Briones
Gabriele Colombo
Simone Vantini
Salvatore Zingale

ასისტენტები

Andrea Benedetti
Lea Mara Fabiano
Alessandra Facchin
Beatrice Gobbo
Tommaso Elli
Jacopo Di Iorio
Anna Riboldi